სტუ სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტურ პროექტს განახორციელებს

სტუ სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტურ პროექტს განახორციელებს

 

სტუ სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტურ პროექტს განახორციელებს

24-11-2023
სტუ სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტურ პროექტს განახორციელებს


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის, ერთობლივი სტუდენტური პროექტის შეთანხმების ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრორექტორმა მეცნიერებისა და განვითარების საკითხებში, პროფესორმა მარეკ პაველეზიკმა მოაწერეს ხელი.

შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო პროექტის - „ფოლადის ლაზერით ჭრის ტექნიკური პარამეტრების ზედაპირის ხარისხზე გავლენის ანალიზის“,  განხორციელებას. პროექტი 2024 წლის 29 თებერვალს დასრულდება.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, პროექტი  სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორის, დოქტორ მიროსლავ ბონეკის ინიციატივით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და სტუდენტური სერვისების ცენტრის მიერ ერთობლივად დაიგეგმა.

„პროექტის ფარგლებში, ფინალურ ეტაპზე მოეწყობა საერთაშორისო კონფერენცია რომელშიც, მონაწილეობას მიიღებენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტები, ასევე პოლონეთის სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ამავე სპეციალობის სტუდენტები. პროექტის განხორციელებაში აგრეთვე ჩართულები არიან პროფესორ-მასწავლებლები ორივე უნივერსიტეტიდან. ისინი სტუდენტებს გაუწევენ აკადემიურ მენტორობას დასამუშავებელი თემატიკის საკითხებზე. შეთანხმების შესაბამისად, პროექტის ფარგლებში თითოეულ მხარეს შეუძლია მოიწვიოს კონსულტანტები, სტუდენტები, მოსწავლეები. თითოეულ მხარეს შეუძლია გამოიყენოს პროექტის შედეგები სტუდენტთა განათლების სისტემაში საკუთარი წესების შესაბამისად. პროექტის მონაწილეები პროექტის ფარგლებში ჩაატარებენ ერთობლივ რეგულარულ სემინარებს. სტუ-ის ადმინისტრაცია, მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც გააუმჯობესებს სტუდენტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვას და გაზრდის პროგრამების ინტერნაციონალიზაციის ხარისხს.  “, - აცხადებს ბორის გითოლენდია.

პროექტის - „ფოლადის ლაზერით ჭრის ტექნიკური პარამეტრების ზედაპირის ხარისხზე გავლენის ანალიზის“, სამეცნიერო მიზანია დადგინდეს ლაზერული ჭრის პროცესში ლაზერის გამოყენების გავლენა ტექნიკურ თვისებებზე და გარემოსდაცვით პროცესებზე. პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, ლაზერული ჭრის ტექნოლოგიური პროცესი იძლევა საშუალებას რომ მივიღოთ სტრუქტურული ელემენტები, რომლებსაც ახასიათებთ დაბალი ხორკლიანობა (სიმქისე), მცირე სისქე სითბოს ზემოქმედების ზონით და თერმული დეფორმაციის გარეშე.  ჩატარებული კვლევა საშუალებას მისცემს ლაზერული ჭრის ტექნოლოგიური პირობების ოპტიმიზაციას, რათა შემცირდეს ჭრის დროს მატერიალური დანაკარგები და შემცირდეს ჭრის პროცესი.

პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი კვლევა ბევრი საინტერესო შედეგის მომცემია, რომელთა გამოქვეყნება და გავრცელება შესაძლებელია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში. სტუდენტები, მათ მიერ დამუშავებული ნაშრომებით, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში - „TalentDetector – 2024“. დაგეგმილია განხორციელებული პროექტის შედეგების ხელმისაწვდომობა საგანმანათლებლო პლატფორმის სახით.

 

სიახლეებში დაბრუნება