სტუ-ის მკვლევარმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

სტუ-ის მკვლევარმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

 

სტუ-ის მკვლევარმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა

27-11-2023
სტუ-ის მკვლევარმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის მიმართულების მკვლევარმა, ნინო მახალდიანმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში“ გაიმარჯვება მოიპოვა.

ახალგაზრდა მეცნიერმა გამარჯვებული პროექტი - „ბიოთავსებადი მოდიფიკატორებით სტაბილიზირებული ნანომაგნეტიტის მიღება ბიოსამედიცინო სფეროში გამოყენების მიზნით“ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორის, მარინე დონაძის მენტორობით შეიმუშავა.

როგორც ნინო მახალდიანი აღნიშნავს, კვლევის მიზანი ადამიანის ორგანიზმთან თავსებადი ნანომაგნეტიტის მიღებაა, რომელიც საუკეთესო ბიოთავსებადობითა და დაბალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და ეფექტიანი მეთოდია სიმსივნური უჯრედების სამკურნალოდ.


„ჩვენი კვლევის უმთავრესი მიზანია, მივიღოთ ორგანიზმთან თავსებადი ნანომაგნეტიტი ელექტროლიზით ბიოთავსებადი მოდიფიკატორების გამოყენებით. მაგნიტური ნანონაწილაკები ხასიათდება, როგორც კარგი ბიოთავსებადობით, ასევე, დაბალი ტოქსიკურობით, მაგნიტური ჰიპერთერმია კი ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელი მეთოდია სიმსივნური უჯრედების სამკურნალოდ. პროექტის ფარგლებში ვარჩევთ ელექტროლიტის ოპტიმალურ შედგენილობას და შედეგებიდან გამომდინარე, სინთეზის ოპტიმალურ პირობებში მიღებულ მაგნიტურ ნანონაწილაკებს დამატებით გავაანალიზებთ სხვადასხვა მეთოდებით. ასევე, შეფასდება დამაგნიტების უნარი, ჰისტერიზისის ძალა და ნარჩენი მაგნიტიზმი. მაგნეტიტის ჰიდროფილური ნანონაწილაკების სინთეზისა და მაგნიტური მახასიათებლების დადგენის შემდეგ, იგეგმება მაგნიტური ნანონაწილაკების ფუნქციონალიზაცია სხვადასხვა ამინომჟავებითა და დნმ-მოლეკულებით. გარდა ამისა, რაოდენობრივად და ხარისხობრივად შევაფასებთ მაგნეტიტის ნანოწილაკებთან ბმული დნმ-ის ორმაგი სპირალის სტაბილურობის ხარისხსაც“, - განმარტავს ნინო მახალდიანი.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის, ასოცირებული პროფესორის, ლიანა თარგამაძის განცხადებით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტთა გამარჯვება ზრდის უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების ხარისხსა და საერთაშორისო პროექტებში მათი ინტეგრირების შესაძლებლობებს.   

„სასიხარულოა, რომ ამჯერადაც, ჩვენი ფაკულტეტის ერთ-ერთი ახალგაზრდა მკვლევრის, ნინო მახალდიანის მაღალ დონეზე შესრულებულმა სამეცნიერო პროექტმა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. მისი კვლევა ძალიან აქტუალურია, რამდენადაც მაგნეტიტები წარმატებით გამოიყენება ბიოსამედიცინო სფეროსა და ეკოლოგიური მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, კვლევა სასურველ შედეგებს მოუტანს მეცნიერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი მზად არის, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი თავის ნიჭიერ დოქტორანტებსა და იმედისმომცემ ახალგაზრდა მკვლევრებს, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნავს ლიანა თარგამაძე.  

 

სიახლეებში დაბრუნება