ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ისტორია
საქართველოში ავტომატიკის, ტელემექანიკისა და ელექტროგამომთვლელი მანქანების სპეციალობათა ინჟინრების მომზადება დაიწყო 1954 წლიდან, როდესაც ენერგეტიკის ფაკულტეტზე ”საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის” კათედრა შეიქმნა.
ავტომატიკისა და გამომთვლელი ტექნიკის ფაკულტეტი დამოუკიდებლად არსებობს 1959 წლიდან, რომლის პირველი დეკანი იყო დოც. გ. სეხნიაშვილი.
დაარსებისთანავე ფაკულტეტზე შეიქმნა სამი კათედრა: ელექტრული მანქანების (გამგე, პროფ. გ. სეხნიაშვილი); გამოთვლითი ტექნიკის (გამგე, პროფ. ნ. გაბაშვილი); ავტომატიკისა და ტელემექანიკის (გამგე, პროფ. გ. ტყეშელაშვილი). მალე დაემატა კიდევ ორი კათედრა: საინფორმაციო-გამზომი ტექნიკის (გამგე, პროფ. ი. ზედგენიძე) და მართვის ავტომატიზებული სისტემების (გამგე, დოც. გ. ჩოგოვაძე).
გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ფუნქციონირებდა ოთხი კათედრა: ელექტრული გამომთვლელი მანქანების (გამგე, დოც. ბ. მებუკე); ავტომატიკისა და ტელემექნიკის (გამგე, პროფ. ა. გუგუშვილი); საინფორმაციო-გამზომი ტექნიკის (გამგე, პროფ. ი. ზედგენიძე ); მართვის ავტომატიზებული სისტემების (გამგე, პროფ.გ. გოგიჩაიშვილი ).
ავტომატიკისა და გამოთვლილი ტექნიკის პროფილით ინჟინრების მომზადებას ემსახურებოდა სათანადო მოწყობილობებით და ხელსაწყოებით აღჭურვილი სასწავლო კაბინეტი და ლაბორატორიები.
ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კოლექტივი ძირითადად დაკომპლექტებული იყო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთაგან. მათ შორის იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფ. გ. ჩოგოვაძე, პროფესორები გ. გოგიჩაიშვილი, ა. გუგუშვილი და სხვები.
ფაკულტეტზე სამეცნიერო მუშაობა წარმატებით მიმდინარეობდა. ალგორითმებისა და პროგრამების სახელმწიფო ფონდში რეგისტრირებულია 10 პროგრამული კომპლექსი მიღებულია 34 საავტორო მოწმობა, დამუშავებულია არაერთი მეცნიერული თემა და ა. შ. ალგორითმის, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მეცნიერების განვითარების საქმეში არსებითი წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენდენტმა, პროფ. ნ. გაბაშვილმა.
1991 წელს ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ინსტიტუტი დირექტორი- პროფ. ნ. ლომინაძე. დირექტორის მოადგილეები: სასწავლო დარგში - დოც. ვ. გაბრიჩიძე; სამეცნიერო დარგში - პროფ. ა. ფრანგიშვილი; სამეურნეო დარგში - ინჟინერი თ. ნიჟარაძე .
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი აერთიანებს ხუთ კათედრას, ერთ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას და ერთ სამეცნიერო ცენტრს.
ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრა (გამგე, პროფ. ა. გუგუშვილი) არსებობს 1962 წლიდან. ამავე წლიდან ფუნქციონირებს გამოთვლითი ტექნიკის კათედრა (გამგე, პროფ. კ. კამკამიძე). 1971 წელს აკადემიკოს გ. ჩოგოვაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა (გამგე, პროფ. გ. გოგიჩაიშვილი). 1969 წელს პროფესორ გ. ზედგენიძის თაოსნობით შეიქმნა საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კათედრა (გამგე, პროფ. ი. ზედგენიძე). 1990 წელს პროფ. ო. ხომერიკის თაოსნობით დაარსდა სამედიცინო ელექტრონული აპარატურის კათედრა (გამგე, პროფ. რ. კუპრავა).
ფაკულტეტს გააჩნია ახალი ინფორმაფიული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის პრობლემური ლაბორატორია და კომპიუტერული ტექნოლოგიის ცენტრი. |