სტუ

არქიტექტურული ბიურო 



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ინიციატივითა და “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნინო იმნაძის მოხსენებითი ბარათისა და აკადემიური საბჭოს 2020 წლის 14 აგვისტოს #01-05-02/23 ოქმის საფუძველზე შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეული “არქიტექტურული ბიურო”.
აღნიშნული ბიურო არის გამაგრძელებელი იმ სახელოვანი ტრადიციებისა, რომელსაც თავდაპირველად, როგორც საპროექტო ჯგუფს 1960 წელს ჩაეყარა საფუძველი სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის კათედრაზეGგიორგი ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით. შემდგომში, 1970 წლიდან აღნიშნული ჯგუფი გადაკეთდა, როგორც საპროექტო ბიურო, რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ვახტანგ დავითაია - 1970-1974წწ; 1976-1977წწ; 1982-1990წწ; გურამ აბულაძე - 1975წ; 1978-1979წწ; დემურ ელოშვილი – 1980-1981 წლები.
საპროქტო ბიუროში დასაქმებული იყო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი, ასევე ახალგაზრდა არქიტექტორები. ყველა თემაში (პროექტში) ჩართული იყო რამდენიმე სტუდენტი, ზოგიერთი მათგანის წვლილი პროექტირებაში იმდენად საგრძნობი იყო, რომ ისინი იმსახურებდნენ არა მხოლოდ „მონაწილის“ სტატუსს, არამედ „თანაავტორის“, ზოგჯერ „ავტორისაც“ კი. სტუდენტთა სამუშაოზე მიღება ხდებოდა აკადემიური წარმატების გათვალისწინებით, რაც ასევე დადებით გავლენას ახდენდა სასწავლო პროცესზე. მათი საქმიანობა მატერიალურად ანაზღაურებადი იყო. საპროექტო ბიუროში სამუშაოდ მიღება სტუდენტისათვის პრესტიჟული გახდა.
      საპროექტო ბიუროში მოღვაწეობდნენ სხვადასხვა საინჟინრო დარგის სპეციალისტები, რაც უზრუნველყოფდა პროექტირების სრულყოფილად გამოშვებას.
      მოკლე პერიოდში საპროექტო ბიურომ აღიარება და მაღალი პროფესიულ-შემოქმედებითი ავტორიტეტი მოიპოვა. საპროექტო ბიუროს დამკვეთთა შორის იყვნენ საქართველოს სახმშენი, სხვადასხვა სამინისტროები და უწყებები, უმაღლესი სკოლები. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ყველა ახალი და სარეკონსტრუქციო პროექტი სრულდებოდა საპროექტო ბიუროში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი, კომპლექსური პროექტები, როგორიც იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის პერსპექტიული განვითარების გენგეგმა და ობიექტები, დასასვენებელი კომპლექსი ლესელიძეში და კიკეთში, სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები.
     საპროექტო ბიუროში წლების მანძილზე პრაქტიკას გადიოდნენ დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები, ბრნოს არქიტექტურული ინსტიტუტის, ასევე საბჭოთა კავშირის რიგი არქიტექტურული სკოლების სტუდენტები. შეიძლება ითქვას, რომ დღეს პროფესიაში წარმატებულ ქართველ არქიტექტორთა დიდ ნაწილს გავლილი აქვს არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტური ბიუროს სკოლა. თავის 30-წლიანი არსებობის მანძილზე საპროექტო ბიუროში იმუშავა 700-მდე სტუდენტმა.
     90-იანი წლების ბოლოს ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით მსგავსად მთელი რიგი სახელმწიფო საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა, სტუდენტთა საპროექტო ბიურომაც შეწყვიტა 30-წლიანი არსებობა.
     საპროექტო ბიუროში, სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდნენ: ირ. ციციშვილი, რ. აგაბაბიანი, გ. ჩიგოგიძე, მ. ლორთქიფანიძე, თ. კვირკველია, ვ. ნიკოლაძე, ა. ჩიქოვანი, ა. კორკოტაშვილი, ა. ყრუაშვილი, ნ. თევზაძე, გ. შაიშმელაშვილი, გ. გეგელია, ნ. ჯანშიაშვილი, ს. სალუქვაძე, მ. გუგუნავა, ვ. ორბელაძე, პ. ხუხია, შ. ბოსტანაშვილი, გ. აბულაძე, ზ. სუჯაშვილი, ზ. ტიტვინიძე, ჰ. მოსულიშვილი, პ. ძინძიბაძე, თ. კლდიაშვილი, მ. გუჯაბიძე, გ. კვიწინაშვილი, კ. ტაბატაძე, გ. ლობჟანიძე, ზ. ქარცივაძე, ა. გიუტნერი, ტ. ოხრემჩუკი, ვ. იურევა, ივ. ზლატმანი.
     სტუდენტურ საპროექტო ბიუროში შეიქმნა მთელი რიგი მონუმენტების და მემორიალების პროექტები. ბიურო აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკურ კონკურსებში, გამოფენებში. აქ შექმნილი პროექტები (ობიექტები) აღნიშნულია სხვადასხვა სახელმწიფო და პროფესიული პრემიებით. საპროექტო ბიუროს შემოქმედებაზე გამოქვეყნებულია მრავალი სტატია როგორც უცხოურ, ასევე ქართულ პერიოდულ პრესაში.
როგორც წარსულში, დღესაც არქიტექტურული ბიუროს საქმიანობის ძირითადი მიზნებია: სტუდენტებისათვის რეალურ პროექტირებაში ჩართვის შესაძლებლობის მიცემა, მათში პროფესიული უნარ-ჩვევების აღზრდა, პრაქტიკულ საქმიანობასთან მიახლოება და სტუდენტებში არქიტექტურული განათლების მიღების ხელშეწყობა. ბიურო შესაძლებლობას აძლევს ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე მომიჯნავე დარგის სპეციალისტებს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას რეალურ პრაქტიკულ საქმიანობაში.
არქიტექტურული ბიურო აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული სასწავლო კორპუსების, მათი მიმდებარე ტერიტორიების, სასწავლო-აუდიტორიული, ლაბორატორიული, სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-სამრეწველო ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობათა გრაფიკული აღნუსხვა-ფიქსაციის საქმეში, საუნივერსიტეტო უძრავი ქონების ფონდის არქიტექტურულ-დიზაინერულ გადაწყვეტაში და სამშენებლო, სარეაბილიტაციო, სარემონტო სამუშაოთა წარმოებისათვის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით უზრუნველყოფაში. Bბიურო უფლებამოსილია შეასრულოს გარე დაკვეთებიც.

არქიტექტურული ბიუროს ხელმძღვანელი: 
პროფესორი გიორგი სალუქვაძე
მისამართი: სტუ-ს I კორპუსი
იმეილი: gtu.archdep@gtu.ge

მთავარი არქიტექტორი 
რატი ნეფარიძე
წამყვანი არქიტექტორი, დიზაინერი 
თორნიკე დარჩია
იურისტი
ნატალია კანდელაკი

შესრულებული სამუშაოები