სტუ-ში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

სტუ-ში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

 

სტუ-ში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

18-10-2023
სტუ-ში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე აღინიშნა



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

რექტორმა მიწვეულ სტუმრებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს ფაკულტეტის დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა ქვეყნის წინსვლის ხერხემალია. როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა,  ენერგეტიკის დარგის განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უდიდესი წვლილი შეაქვს.

„ენერგეტიკის ფაკულტეტი 95 წლისაა, აქ მოღვაწეობდნენ დიდი მეცნიერები - ალექსანდრე დიდებულიძე, ბესარიონ ჭიჭინაძე, ალექსანდრე მუსხელიშვილი, სტეფანე ყირქესალი, არტემ ტერ-ხაჩატურიანი, ლევან ხიზანიშვილი, ევგენი პეტკევიჩი და სხვები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთადერთია, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები სრულყოფილ და მაღალკვალიფიციურ განათლებას ეუფლებიან. დღეს ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმატებაზე მეტყველებს მნიშვნელოვანი ფაქტი - 2025 წელს საბაკალავრო პროგრამა - „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების აკრედიტაციის საბჭოს, ABET აკრედიტაციაზე იქნება წარდგენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამა, საქართველოს მომავალ ენერგეტიკოსებს, საერთაშორისო სტანდარტების განათლებას მისცემს. ეს არის ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ფაკულტეტი მზადაა სწავლების უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს, რაც უნივერსიტეტის და ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა. ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით აგრძელებს თავის ისტორიულ მისიას, მოამზადოს საერთაშორიო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი, შრომის თავისუფალ ბაზარზე კონკურენტუნარიანი საინჟინრო და სამეცნიერო კადრები. სტუდენტებს აქვთ დიდი შესაძლებლობები, მიიღონ აქტიური  მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში  და დამატებით აიმაღლონ კვალიფიკაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა და უმნიშვნელოვანეს სამრეწველო საწარმოთა ენერგეტიკული სამსახურები, მთლიანად ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეცილისტებითაა დაკომპლექტებული, ხოლო ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორები აქტიურად არიან ჩართულები არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტში. ასევე, ჩვენი პროფესორები გადიან სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს და სხვა მიღწევები დიდი შრომის შედეგია, რითვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს. ენერგეტიკის ფაკულტეტის დღეს ვულოცავ აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს და წარმატებას ვუსურვებ მათ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე,  სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი გიორგი  გიგინეიშვილი და ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ქინქლაძე, საქართველოს ენერგეტიკული ფონდის ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე, ენერგეტიკის დარგში მოქმედი კომპანიების ხელმძღვანელი პირები და დარგის სპეციალისტები.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლენა შატაკიშვილმა  ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, ასევე, სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სწორად აღნიშნა - ენერგეტიკა ქვეყნის ხერხემალია. მინდა სიხარულით გაგიზიაროთ ბოლო პერიოდში ფაკულტეტის წარმატებების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული თანამედროვე საანგარიშო პროგრამებით აღჭურვილი ვირტუალური ლაბორატორიების მოსაწყობად. განსაკუთრებით აღსანიშნავია ელექტრული ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების მიმართულებით მოწყობილი ლაბორატორიები. ფაკულტეტზე 2022 წელს დაინერგა აშშ-ში შექმნილი პროგრამა PSS/E (Power System Simulator), რომელიც უზრუნველყოფს ელექტრული სისტემის რეჟიმებისა და სხვადასხვა სახის მოკლე შერთვის დენების ანგარიშს და სხვ. ამავე წელს ენერგეტიკის ფაკულტეტზე კომპანიების - Huawei-სა და „ფოტო მეიტის“ დახმარებით გაიხსნა განახლებადი ენერგიის ლაბორატორია. ასევე, 2022 წელს ფაკულტეტი ჩართო და უკვე დაიწყო ანალიზხელსაწყოს ტერიტორიაზე 20 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის  და ასევე, თერმული მზის სისტემის მშენებლობა 1000 ლიტრი ცხელი წყლის ტევადობით, არაპირდაპირი გათბობის ციკლითა და კონტროლის სისტემით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, რომელთა ბაზაზეც, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები გადიან სტაჟირებას და პრაქტიკას. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს მხარდაჭერითვის“, - აღნიშნა ლენა შატაკიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს ენერგეტიკის ფაკულტეტის დღე მიულოცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ. მინისტრის მოადგილემ ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა და კერძო სექტორს უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.


სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სხვა გამომსვლელებმა ბოლო პერიოდში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ყველა წარმატება თითოეული ფაკულტეტის და პირველ რიგში, ენერგეტიკის ფაკულტეტის საქმიანობაში აისახა.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედი თბოენერგეტიკის, ჰიდროენერგეტიკის, FusionSolar ტექნოლოგიებისა და ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე არსებული  სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიული ბაზის  შექმნაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მხარდაჭერა აღმოუჩინეს კომპანია „თელასმა“,  Schneider Electric-მა,  ავსტრიულმა კომპანიამ  HERZ Armaturen, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა.

 

სიახლეებში დაბრუნება