სტუ
25/04/2024

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და კომპანია "Lion Trans"-ის შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად მომზადებული „ავტომობილების დილერის მოსამზადებელი“ ტრენინგ კურსი იწყება.  

19 აპრილს, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, Lion Trans"-ის სასწავლო აუდიტორიაში, კურსის პირველ მონაწილეებთან შეხვედრა და  კურსის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

„Lion Trans"-ის ბიზნეს ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა მ.შ ბორის გითოლენდიამ დამსწრე საზოგადოებას  კურსის შესახებ დეტალური  ინფორმაცია მიაწოდეს.  

ტრენინგ-კურსის მიზანია, ავტო-სადილერო ინდუსტრიის მოთხოვნათა  გათვალისწინებით, მსმენელს მისცეს ზოგადი ცოდნა ავტომობილის სადილერო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ. კერძოდ, შეასწავლოს სადილერო საქმიანობის არსი, აღნიშნული ბიზნეს-საქმიანობის სტრუქტურა, დაგეგმვისა და კონტროლის მნიშვნელობა, საავტომობილო  სადილერო სფეროს თავისებურებები, ზოგადად დილერის როლი აღნიშნულ ბიზნესში, საქმიანობის პრინციპები და გადაწყვეტილებების მიღებისას საჭირო ზოგადი უნარები.

ტრენინგ კურსი ინოვაციურია, ვინაიდან ის კარგად ასახავს სადილერო ბიზნესის საჭიროებებს და მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობებს ბიზნეს პრაქტიკაში. ამასთან, კურსი თეორიულ სწავლებასთან ერთად ითვალისწინებს პრაქტიკულ აქტივობებს.

ტრენინგ კურსი საუნივერსიტეტო წრეებისა და დარგობრივი ბიზნეს ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა სტუდენტებისთვის, რეალური ბიზნეს საქმიანობის პრაქტიკაში ტრანსფორმაციის შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით.

ტრენინგ კურსი მომზადებულია  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანია „Lion Trans”-ის პარტნიორობის ფარგლებში, ერთის მხრივ, საქართველოში ყველაზე დიდი საინჟინრო სკოლის მიერ სტუდენტებისთვის დამატებითი სწავლების შესაძლებლობების შეთავაზების მოტივით, ხოლო მეორეს მხრივ, წამყვანი დარგობრივი კომპანიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტის გათვალისწინებით.

პროგრამის მიზანია, მსმენელს გააცნოს,  ავტო-სადილერო ინდუსტრიის  ბიზნესის თეორიული არსი და პრაქტიკის გამოყენებით, რეალური გამოცდილებაზე  დაყრდნობით მისცეს ზოგადი ინფორმაცია:

  • ავტო-სადილერო საქმიანობასთან დაკავშირებული ძირითადი ბიზნეს აქტივობების პრინციპების შესახებ;
  • თეორიული ცოდნის ხარისხის ამაღლების შემდგომ, პრაქტიკოსებთან კონსულტაციების გზით სტიმულირდეს მისი პრაქტიკაში ტრანსფორმაციის უნარი;

ტრენინგით აგებულია სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით და ის დაყოფილია სამ მოდულად.  კერძოდ:

I მოდული:  ავტომობილის ზოგადი მოწყობილობა; 

II  მოდული: მომსახურების სტრატეგია და ეფექტურობა;    

III მოდული: ავტო-დილერის პრაქტიკული მოდული;  

თეორიული მოდულების გაცნობის  შემდეგ, პრაქტიკულ მოდულს სტუდენტები  უშუალოდ, კომპანია „Lion Trans”-ის სათაო ოფისში გაივლიან.

პირველ ეტაპზე, კურსზე მონაწილეობის  შესაძლებლობა  მხოლოდ  სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს აქვთ, ხოლო მომავალში, კურსის გავრცობა და სხვა დაინტერესებული პირებისათვისაც შეთავაზებაც იგეგმება.

 „ავტომობილების დილერის მოსამზადებელი“ ტრენინგ კურსი 15 მაისს დაიწყება და ორ თვეში თვეში დასრულდება. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ  და კომპანია „Lion Trans”-ში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.


სიახლეებში დაბრუნება