სტუ
23/03/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნუგზარ წერეთელი, ფაკულტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს, პედაგოგებს და საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

შეხვედრის, რომელიც გურჯაანის ტექნოპარკში გაიმართა, ორგანიზატორები არისნ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და  საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დავით სონღულაშვილი. ღონისძიებას გურჯაანის საჯარო სკოლების 200-ზე მეტი მოსწავლე ესწრებოდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა აბიტურიენტებს, რომლებიც ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდებისათვის ემზადებიან და პროფესიას ირჩევენ, გააცნო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები და ფაკულტეტის ისტორია.

„100 წლიანი ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთ-ერთია იმ ოთხ ფაკულტეტს შორის, რომელიც უნივერსიტეტის დაარსებისთანავე შეიქმნა. აქ ისწავლება მეცნიერება, რომელიც ნებისმიერი პროფესიისათვის აუცილებელი და საჭიროა. ამიტომ, სახელმწიფო, ისეთ  საბაკალავრო პროგრამებს, როგორიცაა: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; ქიმია; გარემოს დაცვითი ინჟინერია; მასალათმცოდნეობა და მეტალურგია სრულად აფინანსებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე განახლდა სასწავლო აუდიტორიები და აღიჭურვა თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი ტექნიკით. ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან და ასევე, წარმატებით ახორციელებს გაცვლით პროგრამებს“, - განაცხადა პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ აბიტურიენტებს გააცნო ის შესაძლებლობები, რასაც მათ უნივერსიტეტი სთავაზობს არჩევანის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე შეჩერების შემთხვევაში. პროფესორმა ნაზი კუციავამ ისაუბრა შიდა გრანტების, სახელმწიფო სტიპენდიების, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისებასა და სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების  დასაქმების შესახებ. ნაზი კუციავას თქმით, ფაკულტეტს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა აკავშირებს სააქციო საზოგადოება „მადნეულთან“, „რუსთავის აზოტთან“, რუსთავის მეტალურგიულ კომბინატთან, „ჯორჯიან მანგანეზთან“, კომპანია RMJ GOLD-თან, „თბილავიამშენთან“ და ა.შ., სადაც ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებზე დიდი მოთხოვნაა.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტის უფროსმა თამარ ცინცაძემ აბიტურიენტებს გააცნო ის სიახლეები, რომესაც ფაკულტეტი წელს სთავაზობს ამ საგანმანათლებლო მიმართულების სტუდენტებს. მისი თქმით, უნივერსიტეტმა აბიტურიენტებს, რომლემბაც, სპეციალობად ფარმაცია აირჩიეს, წელს პირველად შესთავაზა ერთკვირიანი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას გარემოში, სადაც დასაქმდებიან.


„აბიტურინტებს ასევე, მივეცით საშუალება დაესწრონ ლექცია-სემინარებს და პრაქტიკულებს. ამდენად, მათ წინასწარ ეცოდინებათ ჩვენთან ჩაბარების შემთხვევაში როგორ გარემოში მოხვდებიან, რამდენად მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი ასწავლის მათ და ზოგადად, რისი შესაძლებლობები ექნებათ. ეს არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსკლუზივი. მინდა გითხრათ, რომ ამ სიახლემ გაამართლა“, - განაცხადა პროფესორმა თამარ ცინცაძემ.

გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აბიტურიენტებმა კითხვები დაუსვეს  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებს და შეხვედრა შეაფასეს.

ელენე კაჭარავა, გურჯაანის საჯარო სკოლა, მეთორმეტე კლასი: „ის შესაძლებლობები, რაც დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გაგვაცნეს, ჩემი აზრით, არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის. უნივერსიტეტი გაძლევს საშუალებას ადგილზე, საქართველოში და ასევე, საზღვარგარეთ ისწავლო ქვეყნისთვის აუცილებელი მიმართულება და გახდე დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი. მადლობა მინდა გადავუხადო გურჯაანის რესურსცენტრს და უნივერსიტეტს ამ საინტერესო შეხვედრისთვის“.

მარიამ ზარდიაშვილი, გურჯაანის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი: „გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ აქამდე მიჭირდა არჩევანის გაკეთება. ჯერ არ შემივსია განაცხადი, თუმცა, დღეს ზუსტად ვიცი, რომ არჩევანი შევცვალე. ვფიქრობ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარებ და ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას ავირჩევ, რომელიც პირველ რიგში ჩემი სამშობლოსთვისაა აუცილებელი“.

შეხვედრის დასასრულ, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დალი მინდიაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებს და შეხვედრის ორგანიზატორს საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარს დავით სონღულაშვილს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა გურჯაანის ტექნოპარკში. იმდენად საინტერესო საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიების და მეტალურგიის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, რომ არცერთმა აბიტურიენტმა ღონისძიება დროზე ადრე არ დატოვა. გულწრფელად გეტყვით, ეს შეხვედრა იყო ერთგვარი ტესტი, როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლებისათვის, ასევე, ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის. უნივერსიტეტმა ისე კარგად მიაწოდა ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ მათ მოსმენის და აქტივობის სურვილი გაუჩნდათ. დარწმუნებული ვარ, დღეს მიღებული ინფორმაცია დაეხმარება აბიტურიენტებს სწორი არჩევანის გაკეთებაში. აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ასევე, შეხვედრის ორგანიზატორს საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარს დავით სონღულაშვილს“, - განაცხადა დალი მინდიაშვილმა.

 


სიახლეებში დაბრუნება