სტუ
22/04/2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა მირანდა ჯანხოთელმა, ასოცირებული პროფესორის ნატალია ჭანტურიას ხელმძღვანელობით, საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სფეროში ინოვაციური პროექტების მართვის მექანიზმი შეისწავლა და შეიმუშავა მმართველობითი მოდელი, რომელიც სპეციალურად შექმნილია საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორში ინოვაციური პროექტების მართვის გამოწვევების გადასაჭრელად, ინოვაციური პროექტების მართვის ყოვლისმომცველი ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვის და მოიცავს პროექტების მართვის პლატფორმას, მედიკამენტების მართვის აპლიკაციას და მკვლევართა რეესტრს.  

დოქტორანტ მირანდა ჯანხოთელის საკვალიფიკაციო ნაშრომი მოიცავს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორში ინოვაციური პროექტების მართვის მექანიზმების სრულყოფაზე ორიენტირებულ თანმიმდევრულ კვლევით სამუშაოებს.

ასოცირებული პროფესორის, ნატალია ჭანტურიას, განცხადებით, დოქტორანტი წლების განმავლობაში იკვლევდა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს, ხოლო სადოქტორო თემის - ,,ინოვაციური პროექტების მართვის მექანიზმები საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორში"ფარგლებში, შეეცადა აღნიშნული პრობლემების იდენტიფიცირებას და მეცნიერულად გაანალიზებას პროექტების მართვის მახასიათებლებისა და მექანიზმების ფუნდამენტური შესწავლის გზით.

„პირველადი ჯანდაცვის ინოვაციური პროექტების წარმატების გასაზომად, სისტემაში მომხმარებელთა, მენეჯმენტური რგოლისა და კლინიცისტ-თანამშრომელთა აზრის კვლევის, ურთიერთმოქმედ მაჩვენებელთა გამოვლენისა და სისტემატიზაციის საფუძვლებზე, ინოვაციური პროექტების მმართველობითი მოდელის შემუშავება,  აქტუალური და მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღირებულების მომცველია, რადგან სთავაზობს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პირველადი სამედიცინო სერვისების მიწოდებას. კვლევის ფარგლებში,  დოქტორანტის მიერ შემუშავებულია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის ფორმულა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე, სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას და ხელმისაწვდომობის პრიორიტეტიზაციას. მოსახლეობის თანამედროვე, კეთილდღეობის ეკოსისტემის მოთხოვნებიდან გამომდინარე,  ნაშრომში ახლებურადაა გააზრებული და დადასტურებული პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ოჯახის ექიმის, როგორც ჯანდაცვის „მეკარიბჭის“ როლის ტრანსფორმაციის აუცილებლობა და „მესაჭედ“ ჩამოყალიბება“, - აცხადებს ნატალია ჭანტურია.

როგორც დოქტორანტი მირანდა ჯანხოთელი აცხადებს, ინოვაციური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია სისტემაში არსებული უნიკალური გამოწვევებისა და ჩართული მხარეების მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მუდმივი გაუმჯობესებისათვის.

„ჩვენი კვლევა ინოვაციური პროექტების მართვის მექანიზმების შესახებ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორში არა მხოლოდ ხელს უწყობს ამ კრიტიკული საკითხების ახლებურად გააზრებას, არამედ გთავაზობთ პრაქტიკულ შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც დადებითად აისახება პირველადი ჯანდაცვის სისტემებზე გლობალურად. პროცესების გამარტივებით და რესურსების განაწილების ოპტიმიზაციით, აგრეთვე ინტეგრირებული, ინოვაციური პროექტების მართვის ეკოსისტემის დანერგვით, ჯანდაცვის დაწესებულებებს შეუძლიათ მიაღწიონ მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ხოლო მმართველობითი სტრუქტურის ჩამოყალიბება მკვლევართა რეესტრისა და ონლაინ პლატფორმის მონაცემთა მართვასთან, კონფიდენციალობასთან, უსაფრთხოებასთან და ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევით, ხელს შეუწყობს ინოვაციური პროექტების წარმატებით განხორციელებას და დანერგვას, რაც გააუმჯობესებს პაციენტებისთვის მიწოდებული პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხს. ჩვენს მიერ შემუშავებული მოდელის მოქნილობა კონკრეტულ საჭიროებებზე ადაპტირების საშუალებასაც იძლევა, მაგალითად, გააფართოვოს პაციენტების ზრუნვაზე წვდომა მაღალმთიან და ე.წ. საზღვრისპირა რაიონებში“, - აცხადებს მირანდა ჯანხოთელი.

     

მირანდა ჯანხოთელის კვლევაში, ინოვაციური პროექტების მართვის სპეციფიკური მეთოდების და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების, ინოვაციური პროექტების მართვის ალგორითმის ახლებური გააზრებისა და გამოყენებით,  შემუშავებულია მმართველობითი მოდელი, რომელიც ეფუძვნება ინოვაციური ტექნოლოგიების ქმედითობის შეფასების სქემას, ინოვაციური პროექტების მართვის პლატფორმას, მედიკამენტების მართვის აპლიკაციებს; ინტეგრირებულია საქართველოს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ მკვლევართა რეესტრთან და პროექტის მართვის ონლაინ პლატფორმასთან.  კვლევით დადასტურებული სიახლეებისა და მიგნებების ერთობლიობა ქმნის აღნიშნული მოდელის მეშვეობით, პროექტების წარმატებით განხორციელების საფუძველს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში.  ხოლო, მოდელის ინტეგრაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდთან იძლევა მონაცემთა ანალიტიკის საშუალებას, ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას.


სიახლეებში დაბრუნება